მსოფლიო მშვილდოსნობა (World Archery) და კორეის მშვილდოსნობის ასოციაცია იწყებენ მრავალწლიან პარტნიორობას განვითარების მიმართულებით
August 31, 2026
„მსოფლიო მშვილდოსნობამ“ (World Archery) და კორეის მშვილდოსნობის ასოციაციამ (KAA) დაიწყეს 800,000 აშშ დოლარის ღირებულების ოთხწლიანი ისტორიული პარტნიორობა განვითარების სფეროში. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კორეელი მწვრთნელების გამოცდილების გაზიარებას, ინვენტარის მიწოდებასა და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
შეთანხმებას, რომელიც 2026-დან 2029 წლამდე მოქმედებს, ხელი მოეწერა კორეაში 13 აგვისტოს „მსოფლიო მშვილდოსნობის“ აღ აღმასრულებელი დირექტორის, ხუან კარლოს ჰოლგადოსა და კორეის მშვილდოსნობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ჯანგ იუნგ სულის მიერ.
პარტნიორობის პირველივე წელს უკვე ხორციელდება სამი მსხვილი ინიციატივა.
კორეელი მწვრთნელები მივლინებულნი არიან ელ სალვადორში, გვატემალაში, კოლუმბიასა და ეკვადორში ადგილობრივ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან უშუალო მუშაობისთვის. მწვრთნელთა განაწილება ივნისში დაიწყო და დეკემბრამდე გაგრძელდება.
კორეის მშვილდოსნობის ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს 30 კომპლექტი მეორადი და აღდგენილი სახელურებისა (risers) და მხრების (limbs) გადაცემას სხვადასხვა ქვეყნისთვის, პირველ ეტაპზე — ნიგერიისთვის. ინვენტარი მოწოდებულია კორეული სკოლებისა და გუნდების მიერ, ხოლო მათი აღდგენა ხორციელდება მშვილდის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერით.
მესამე — და უმნიშვნელოვანესი — მიმართულება არის ახალგაზრდობის განვითარება.
კორეის მშვილდოსნობის ასოციაციამ აგვისტოში კორეაში უმასპინძლა საერთაშორისო ბანაკსა და საწვრთნელ ტურნირს პერსპექტიული ახალგაზრდა მშვილდოსნებისთვის, სადაც მონაწილე გუნდების ყველა ადგილობრივი ხარჯი თავად დაფარა. ეს არის იმ ფართო თანამშრომლობის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც „მსოფლიო მშვილდოსნობა“ და კორეის მშვილდოსნობის ასოციაცია გამოიყენებენ კორეის მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურასა და გამოცდილებას მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა მშვილდოსნების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
„მსოფლიო მშვილდოსნობისა“ და KAA-ს განვითარების პარტნიორობა ოთხწლიანი ვადის განმავლობაში მოიცავს ინვენტარით უზრუნველყოფას, კორეელი მწვრთნელების მივლინებასა და ერთობლივ საწვრთნელ პროგრამებს.
„მსოფლიო მშვილდოსნობა“ გაუწევს კოორდინაციას პროექტებს ბენეფიციარ ქვეყნებთან და საჭიროების შემთხვევაში გამოყოფს დამატებით დაფინანსებას განვითარებისთვის. პროექტებს ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეარჩევს და ყოველწლიურად გადახედავს.
ეს შეთანხმება ამკვიდრებს განვითარების კუთხით თანამშრომლობის ახალ მოდელს „მსოფლიო მშვილდოსნობასა“ და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეროვნულ ფედერაციას შორის, რაც დაფუძნებულია გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებაზე მშვილდოსნობის გლობალური ზრდის მხარდასაჭერად.
„მსოფლიო მშვილდოსნობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ხუან კარლოს ჰოლგადომ განაცხადა:
„კორეას აქვს მშვილდოსნობის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება. ეს პარტნიორობა გვაძლევს ძალზე პრაქტიკულ გზას, გავუზიაროთ ეს ცოდნა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.“
„ეს არ ეხება მხოლოდ მწვრთნელების ან ინვენტარის გაგზავნას. საუბარია გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობების შექმნაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მშვილდოსნობის სისტემისგან სწავლასა და ისეთ პროექტებზე თანამშრომლობაზე, რომელთაც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე.“
კორეის მშვილდოსნობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯანგ იუნგ სულმა აღნიშნა:
„კორეული სამწვრთნელო გამოცდილების, ინვენტარისა და ბაზების გაზიარებით, ვიმედოვნებთ, რომ მხარს დავუჭერთ სპორტსმენებსა და წევრ ასოციაციებს ბევრ ქვეყანაში, რითაც გავამყარებთ მიმდინარე თანამშრომლობას საერთაშორისო მშვილდოსნობის ოჯახთან. მოუთმენლად ველოდებით „მსოფლიო მშვილდოსნობასთან“ და სხვა ეროვნულ ფედერაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ პროგრამების ფარგლებში.“
© 2014-2025 World Archery Federation, Maison du Sport International, Avenue de Rhodanie 54, 1007 Lausanne, Switzerland
„მსოფლიო მშვილდოსნობა“ წარმოადგენს მშვილდოსნობის, როგორც მნიშვნელოვანი ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის სახეობის, საერთაშორისო მმართველ ორგანოს. იგი დაარსდა 1931 წელს ლვოვში (პოლონეთი) და დღეს 160-ზე მეტი წევრი ასოციაციის, საერთაშორისო შეჯიბრებების, პრომო-ღონისძიებებისა და განვითარების ინიციატივების მეშვეობით ემსახურება მშვილდოსნობის განვითარებასა და რეგულირებას მთელ მსოფლიოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ „მსოფლიო მშვილდოსნობის“ კომუნიკაციების დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: info@archery.sport ან ეწვიოთ ვებგვერდს: worldarchery.sport.