საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო ყრილობა 🎥
March 07, 2026
ყრილობის ვიდეოკლიპი იხილეთ აქ.
მიმდინარე წლის 1 მარტს გაიმართა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. დღის წესრიგის შესაბამისად, დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩიეს.
ხელმძღვანელი პირების არჩევა
ფარული კენჭისყრის შედეგად, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, 18 ხმიდან 17 ხმით (ერთ ბიულეტინზე დაფიქსირდა ხარვეზი) მეორე ვადით არჩეულ იქნა ბატონი სიმონ ნოზაძე.
ასევე, მეორე ვადით გაგრძელდა ვიცე-პრეზიდენტების უფლებამოსილება. აღნიშნულ პოზიციებზე ყრილობამ კვლავ დაამტკიცა:
• ხათუნა ნარიმანიძე
• მამუკა ნავერიანი
წესდების თანახმად, ფედერაციის გამგეობა 10 წევრისგან შედგება. მათგან 5 წევრი (პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი , გენერალური მდივანი და სპორტსმენთა საბჭოს თავმჯდომარე) გამგეობაში ადგილს ავტომატურად იკავებს.
ყრილობამ ერთხმად აირჩია გამგეობის დანარჩენი 5 წევრი:
1. გიორგი გორდეზიანი
2. იამზე ტალახაძე
3. ბექა გუგეშაშვილი
4. არტემ სანიშვილი
5. თამაზ ფუტკარაძე
დამსწრე დელეგატებმა და სტუმბრემა მოისმინეს პრეზიდენტის ანგარიში ფედერაციის მიერ 2022-2025წ გაწეული მუშაობის შესახებ. ყრილობამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა ფედერაციის მიერ 2022-2025 წ. გაწეული მუშაობა.
ყრილობაზე დამტკიცდა ფედერაციის შემდგომი წარმატებული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი “საქართველოს მშვილდოსნობის განვითარების სტრატეგია 2025-2032”.
ყრილობის დასრულებისთანავე გაიმართა ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა. სხდომამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
• გენერალური მდივანი: ფედერაციის გენერალურ მდივნად დამტკიცდა ბესიკ ობოლაძე. წესდების მიხედვით, აღნიშნული თანამდებობის დაკავებით იგი გახდა გამგეობის მე-10 წევრი, რითაც გამგეობის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტდა.
• ხაზინადარი: პრეზიდენტის წარდგინებით, ხაზინადარის პოზიციაზე გამგეობამ დაამტკიცა ლია ცირღილაძე.
ვულოცავთ ახლადარჩეულ ხელმძღვანელობასა და გამგეობის წევრებს. გვჯერა, რომ განახლებული გუნდი წარმატებით გააგრძელებს ქართული მშვილდოსნობის განვითარებაზე ზრუნვას!